გვსურს, დროდადრო შემოგთავაზოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროსათვის აქტუალური ტერმინების განმარტება. ჰოდა, რომელი ტერმინით უნდა დავიწყოთ თუ არა „პერსონალური მონაცემით“.

„პერსონალური მონაცემი“ არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. 

მარტივად რომ ვთქვათ, პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. 

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემად ჩაითვლება ასევე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც დამოუკიდებლად არა, თუმცა, ერთობლიობაში, პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას აჩენს. 

ამდენად, თქვენი პერსონალური ინფორმაციაა მაგალითად სახელი; გვარი; საიდენტიფიკაციო ნომერი; IP მისამართი; მსგავსი ელექტრონული ფოსტის მისამართი: სახელი.გვარი@კომპანია.კომ (დამოუკიდებლად აღებული ასეთი მისამართი - gauqmebulia_gauqmebulia@gmail.com თქვენს პერსონალურ მონაცემად არ ჩაითვლება). 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს „ჩვეულებრივ“ და „არაჩვეულებრივ“ პერსონალურ მონაცემებს. „ჩვეულებრივ“ კატეგორიაში ხვდება სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვა ზემოაღნიშნული მონაცემები, ხოლო „არაჩვეულებრივ“, უფრო კონკრეტულად, კი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებში ერთიანდება მონაცემი, რომელიც უკავშირდება პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას და ა.შ. 

ამ ორი ტიპის მონაცემს ერთმანეთისგან ის განასხვავებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი განსაკუთრებულ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს.

Share
go top