
თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუღია სარეკლამო შეტყობინება და გიფიქრიათ, თუ რატომ მოხვდით ამ შეტყობინების ადრესატთა სიაში. ამაზე პასუხი არის შემდეგი - თქვენ ხართ პირდაპირი მარკეტინგის ადრესატი და ისიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2024 წლიდან, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თქვენი - მონაცემთა სუბიექტის - თანხმობით.
რა ახალი რეგულაცია გვაქვს პირდაპირი მარკეტინგის ნაწილში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასაშვები ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, რაც გულისხმობს რომ კანონმა აირჩია ე.წ. opt-in მოდელი.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით უნდა განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და მისი განხორციელების მექანიზმის/წესის შესახებ.
მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
მონაცემთა სუბიექტს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მარტივი ფორმით მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამასთან, მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეცეს მკაფიო და მარტივად აღსაქმელი მითითება ამ საშუალების გამოყენების შესახებ.
დაუშვებელია, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელებისათვის დაწესდეს საფასური, ან სხვა შეზღუდვა.