ავსტრალიის ინფორმაციის კომისიონერის ოფისი დაინტერესდა თუ როგორ აგროვებს სოციალური პლატფორმა TikTok პერსონალურ მონაცემებს და რამდენად ხდება ეს მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე. 

ოფისი შეისწავლის დაარღვია თუ არა TikTok-მა ავსტრალიელების ონლაინ კონფიდენციალურობა მარკეტინგული პიქსელების გამოყენების მეშვეობით. 

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგული პიქსელი (marketing pixel, რომელსაც ასევე tracking pixel-საც უწოდებენ) არის თვალისთვის უხილავი 1x1 ზომის პიქსელი, რომელიც მოთავსებულია ვებსაიტზე, ელექტრონულ ფოსტაზე ან სარეკლამო ბანერზე. ის მუშაობას იწყებს კონკრეტული ქმედების შედეგად, მაგალითად, სარეკლამო ბანერის გახსნით/ყურებით, კონკრეტული ვებსაიტის მონახულებით და ა.შ. თუ, მაგალითად, ამაზონზე რაიმე პროდუქტი მოძებნეთ/დაათვალიერეთ, მაგრამ არ გიყიდიათ, თუმცა, ამის შემდეგ, სხვა საიტებზე ვიზიტისას ამ პროდუქტის რეკლამა შეგხვდათ, იმის მანიშნებელია, რომ მარკეტინგულმა პიქსელმა მასზე დაკისრებულ მისიას კარგად გაართვა თავი. 

მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ავსტრალიაში ეჭვობენ, რომ TikTok-მა პლატფორმაზე ზემოაღნიშნული მარკეტინგული პიქსელების განთავსებით, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, შეაგროვა მათი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები. 

თუ კომისიონერის ოფისი საკმარის მტკიცებულებებს შეაგროვებს, TikTok-ის წინააღმდეგ, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტზე, კიდევ ერთი გამოძიება დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ TikTok გასულ წელს, ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის, უფრო კონკრეტულად, ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის, 560 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. ხოლო მანამდე, გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა უწყებამ, პლატფორმა, 13 წლამდე ასაკის 1.4 მილიონი მომხმარებელი ბავშვის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისათვის 24 მილიონი დოლარით დააჯარიმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ TikTok-ის ჩინური ფესვების და პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასა და გადაცემასთან დაკავშირებული გაუმჭვირვალე პოლიტიკის გამო, 2023 წელს ავსტრალიამ გარკვეულ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok აპლიკაცია აკრძალა. აპლიკაცია ასევე აკრძალულია ბელგიის, კანადის, დანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, ევროკავშირის, ახალი ზელანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების და ტაივანის გარკვეულ სამთავრობო მოწყობილობებზე. ხოლო ავღანეთს, ინდოეთს, ყირგიზეთს, ნეპალს და სომალის სრულად აქვს აკრძალული ხსენებული აპლიკაცია. 

მომზადებულია https://www.theguardian.com/.../tiktok-data-collection... მიხედვით

Share
go top