
ქართულ თუ უცხოურ საიტებზე შესვლისას, ალბათ ყველას შეგვხვედრია მსგავსი შინაარსის განცხადება-გაფრთხილება „ვებგვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს“ ან “This website uses cookies” და საიტზე ვიზიტის გაგრძელების მიზნით, ამ ფაილების გამოყენებას/მიღებას ავტომატურად, გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად დავთანხმებივართ კიდეც. მაინც რა არის ქუქი-ფაილი (cookies) და რა შუაშია ორცხობილასთან ან პერსონალურ მონაცემებთან?
ოთხმოცდაათიან წლებში, საიტებს ძალიან უჭირდათ ვიზიტორებისა და მათ მიერ საიტებზე განხორციელებული ქმედებების დამახსოვრება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 1994 წელს, ლუის მონტულიმ (რომელიც ცნობილია როგორც Lou Montulli) გამოიგონა ქუქი/cookie ან გნებავთ ორცხობილა ფაილი, შესაბამისად, ტერმინი „ქუქიც“ პირველად მან გამოიყენა. სახელწოდების შთაგონება, კი, გახდა ე.წ. ბედის ორცხობილა (fortune cookie). მონტულის ძალიან მოსწონდა ბედის ორცხობილას კონცეფცია, რომელიც არის ხემსი, რომლის გულშიც მოთავსებულია რჩევა ან „წინასწარმეტყველება“. ბედის ორცხობილას მსგავსად, კომპიუტერული ორცხობილაც, ხშირად შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ეხმარება ვებსაიტებს მომხმარებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში.
უფრო კონკრეტულად, ქუქი-ფაილი არის ტექსტური ფაილი, რომელიც შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას და რომლებიც ჩამოიტვირთება თქვენს კომპიუტერში, ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში, როდესაც შედიხართ რომელიმე ვებსაიტზე. ამის შემდეგ, იგივე საიტზე/სერვერზე სტუმრობისას, თქვენი ბრაუზერი უგზავნის საიტს/სერვერს მონაცემებს, შედეგად, ქუქი-ფაილი თქვენ „გცნობთ“ და იმახსოვრებს საიტზე თქვენს ქცევას.
ქუქი-ფაილები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება, განიხილება როგორც პერსონალური მონაცემი და მასზე გავრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, თუ ფლობთ საიტს, თქვენ ვალდებული ხართ, მათ შორის:
- ქუქი-ფაილის გამოყენებამდე მიიღოთ მომხმარებლის თანხმობა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება ვებსაიტის ძირითადი მიზნებისათვის აუცილებელ ქუქი-ფაილებზე;
- თანხმობის მიღებამდე, მომხმარებელს მარტივი ენით მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელსაც თითოეული ქუქი-ფაილი ინახავს და მისი მიზნის შესახებ;
- შესაძლებლობა მისცეთ მომხმარებელს ისარგებლოს თქვენი მომსახურებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უარს განაცხადებს კონკრეტული ქუქი-ფაილის მიღებაზე;
- გაამარტივოთ მომხმარებლის მიერ ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის უკან გამოხმობის პროცესი.