
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ადგენს პირის უფლებას, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, რაც ასევე იწოდება როგორც „უფლება იყო დავიწყებული“ (“Right to be forgotten”). ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს ეს უფლება და რა ვალდებულებებს აწესებს იგი ბიზნეს სექტორისთვის?
2014 წლის 13 მაისს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (European Court of Justice) მიერ, ესპანელ მარიო კოსტეა გონსალესსა და Google Spain-ს შორის არსებულ დავაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი პრეცენდენტი შექმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
ესპანეთის მოქალაქე ითხოვდა, რომ Google-ს საძიებო სისტემიდან წაეშალა ან დაეფარა თავისი პერსონალური მონაცემები. სასამართლომ დაადგინა, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს საძიებო სისტემიდან ინფორმაციის იმგვარად წაშლა, რომ არ დგინდებოდეს საძიებო სიტყვებსა და აღნიშნული პირის შესახებ მონაცემებს შორის პირდაპირი კავშირი. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო ისეთი უფლების ჩამოყალიბებას როგორიც არის „უფლება იყო დავიწყებული (“Right to be forgotten”).
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება მხოლოდ Google-ზე და ახალი კანონის ამოქმედებისთანავე ნებისმიერი იურიდიული პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.