პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული/დანიშნული პირი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ისეთ ფუნქციებს ასრულებს, როგორებიცაა: მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის პირთა ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სხვა. 

ვინ არის ვალდებული, განსაზღვროს/დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი?

  • სადაზღვევო ორგანიზაცია
  • კომერციული ბანკი
  • სამედიცინო დაწესებულება
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
  • ავიაკომპანია
  • აეროპორტი
  • საკრედიტო ბიურო
  • საჯარო დაწესებულება
  • პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით (საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3%) მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემურ და მასშტაბურ მონიტორინგს. 

ამასთან, სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ უფლება აქვთ, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 

ვინ შეიძლება იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს (შეასრულონ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის თანამშრომელმა ან სხვა პირმა (პირებმა) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში. 

გასათვალისწინებელია, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრე, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით არის დადგენილი.

go top