„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გაიზარდა მონაცემთა სუბიექტების უფლებები, მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს პირის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის გამოხმობის უფლება. 

ალბათ ნებისმიერი ჩვენგანს აქვს ისეთი გამოცდილება, როდესაც რეგისტრირდები კონკრეტულ ვებ-საიტზე, უთითებ შენს მონაცემებს, ავტომატურად ნიშნავ გარკვეულ გრაფებს, ხოლო შემდეგ დაუსრულებლად იღებ შეტყობინებებს აქციებისა და შეთავაზებების შესახებ. ასეთ დროს, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ კომპანიას, ნებისმიერ დროს, მოსთხოვოთ შეწყვიტოს თქვენთვის სარეკლამო ან/და საინფორმაციო შეტყობინებების გამოგზავნა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ უფლება გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა უპირობოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს პროცედურა, კი, უნდა იყოს მარტივი, უფასო და არ უნდა მოითხოვდეს თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევას. 

თქვენ უფლება გაქვთ თანხმობა გამოიხმოთ იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადეთ. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ ელექტრონულ ფოსტაზე დასტურით, უფლება გაქვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ისევ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოითხოვოთ. თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ ვებ-გვერდზე კონკრეტული გრაფის მონიშვნით, თანხმობის გამოთხოვა შესაძლებელი უნდა იყოს ამავე ვებ-გვერდიდან ამ გრაფის მონიშვნის გაუქმებით. 

მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. 

აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარის ოდენობით დარღვევის სიმძიმისა და წლიური ბრუნვის გათვალისწინებით. 

თუ გქონიათ ასეთი გამოცდილება, როდესაც გამოითხოვეთ თანხმობა და შესაბამისი პირი მაინც ამუშავებს თქვენს მონაცემებს - მოგვმართეთ, რათა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი უფლებების დასაცავად.

Share
go top