
მაშინ, როდესაც თქვენი, ბოლო წლებში გამოშვებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილით გადაადგილებით (ან გადაადგილებას ცდილობთ), ალბათ ყველაზე ნაკლებად ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ თქვენი ავტომობილის მწარმოებელმა შესაძლებელია თქვენზე იმაზე მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ იცით საკუთარ თავზე.
The Mozilla Foundation-მა გამოიკვლია თუ რამდენად იცავენ ავტომწარმოებელი კომპანიები მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 25 ბრენდი (მათ შორის, ტესლა, BMW, მერსედეს-ბენცი, ფორდი, კადილაკი, ლექსუსი, აუდი, ტოიოტა, კია, ნისანი, ლინკოლნი). დასკვნა ასეთია - თანამედროვე ავტომობილები „კონფიდენციალურობისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის კოშმარია“. რატომ?
ყველა კომპანია აგროვებს საჭიროზე მეტ პერსონალურ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელ კომპანიებს პერსონალური მონაცემების შეგროვების ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. მათ შეუძლიათ შეაგროვონ (და აგროვებენ კიდეც) ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავთ ავტომობილს, გიყვართ თუ არა სისწრაფე, სად დადიხართ, რომელ სიმღერას უსმენთ ავტომობილით გადაადგილებისას, რომ არაფერი ვთქვათ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე.
ზემოაღნიშნული კომპანიების უმრავლესობა ყიდის მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას.
კომპანიების უმრავლესობა არ ანიჭებს მომხმარებელს საკუთარ პერსონალური ინფორმაციის კონტროლის უფლებამოსილებას.
კვლევის თანახმად, ავტომობილების სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მომხმარებელს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია საკუთარი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
თუმცა, გვჯერა, რომ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება პერსონალური ინფორმაციის დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მანამდე, კი, ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევით საკუთარ ავტომობილში.