
ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ვიდეომონიტორინგის ნიშანი ქუჩასა თუ შენობებში, თუმცა, იცით ვის ეკუთვნის ეს ნიშანი და ვინ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა, რომ მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, თვალსაჩინოდ განთავსებულ გამაფრთხილებელი ნიშანზე დაწეროს მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები.
მაინც რა არის ვიდეომონიტორინგი და რა შემთხვევაშია დაშვებული მისი განხორციელება?
➡️ ვიდეომონიტორინგი არის საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა);
ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის), საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, თუ ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალებაა.
რა ადგილებშია აკრძალული ვიდეომონიტორინგი?
ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეიძლება თუ არა, დამსაქმებელი ახორციელებდეს სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგს?
დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან.
თუ გაინტერესებთ, დაშვებულია თუ არა კონკრეტულ სივრცეში ვიდეომონიტორინგი და როგორ არეგულირებს მას კანონი, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.