თქვენი სამსახურში მისვლა და სამსახურიდან გასვლა თითის ანაბეჭდის საშუალებით აღირიცხება? 

მაშინ, შესაძლებელია, თქვენი ბიომეტრიული მონაცემი უკანონოდ მუშავდება და გირჩევთ, ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვოთ. იმასაც აუცილებლად გირჩევთ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი უფლება. თუმცა, ჯერ შევთანხმდეთ თუ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც „ბიომეტრიულ მონაცემსა“ და „ბიომეტრიული მონაცემის დამუშავებაზე“ ვლაპარაკობთ ხოლმე. 

„ბიომეტრიული მონაცემია“ თქვენი ხელწერა, ხმა, თითის ანაბეჭდი, სახის ნაკვთები, თვალის ფერადი გარსი და ა.შ. ანუ თქვენი მუდმივი, უნიკალური, ძნელად წარმოებადი ან გაყალბებადი მონაცემი. 

„ბიომეტრიული მონაცემის დამუშავება“, კი, გულისხმობს მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, მაგალითად, მონაცემების შეგროვებას, გამოყენებას, წაშლას. 

ბიომეტრიული მონაცემების მნიშვნელობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიც აღიარებს და მსგავსი ტიპის მონაცემების დამუშავებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათ შორის, განსაზღვრავს იმ შემთხვევებს/მიზნებს, როდესაც შესაძლებელია თქვენი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება (მაგალითად, ბიომეტრიული მონაცემები შესაძლებელია დამუშავდეს, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელს რკინის არგუმენტი უნდა ჰქონდეს თქვენი ბიომეტრიული მონაცემების დასამუშავებლად. 

რაც შეეხება თქვენს უფლებებს, თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ დამსაქმებლისგან ინფორმაცია (რა ტიპის ბიომეტრიული მონაცემები მუშავდება; ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების მიზანი; ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; ბიომეტრიულ მონაცემთა შეგროვების წყარო; ხდება თუ არა ბიომეტრიულ მონაცემთა მესამე პირებზე გაცემა; გაცემის საფუძველი და მიზანი და ა.შ.)
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება/შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვის) დროებით შეჩერება);
  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, გამოიხმოთ თქვენ მიერ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით გაცემული თანხმობა (თუ ასეთი თანხმობა გაცემული გაქვთ);
  • უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ თქვენი დამსაქმებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
go top